ცოტა დავაგვიანე ამ ნაწერის აქ გადმოტანა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს-ო, ნათქვამია. ამიტომაც, რამოდემინე თვის დაგვიანებით გთხოვთ იხილოთ ამ ზაფხულს პარიზში ყოფნის მეორე დღის ამსახველი პოსტი.
***
დილას ადრე გავიღვიძეთ. ეიფელზე ზუსტად ვიცოდი რამხელა რიგიც დაგვხვდებოდა და ამიტომ ვიფიქრე, რომ ადრიანად მივსულიყავით დანიშნულების ადგილას. მე ვფიქრობ, რომ ვინც პირველად ნახულობს ეიფელის კოშკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად საიდან და რომელი მხრიდან დაინახავს. მე პირველად თვითმფრინავიდან დავინახე 26 დეკემბერს დილის 9 საათზე 3 წლის წინ, მზის შუქი რომ ეცემოდა და ბრწყინავდა, არასდროს დამავიწყდება ის ფოტო, რომელიც მაშინ აღიბეჭდა ჩემს გონებაში - დილის მზის შუქში გახვეული პარიზი და გაბრწყინებული ეიფელი, ხოლო ახლოდან კი ტროკადეროდან დავინახე და ჩემი აზრით, ეს ზუსტად ის ადგილია საიდანაც სასურველია რომ ყველამ პირველად მაქედან აღიქვას და შეიგრძნოს 321 მეტრზე აღმართული რკინის მონუმენტი და მისი პირველადი ეფექტი.
ამიტომაც ნანა ტროკადეროზე წავიყვანე. როდესაც მეტრო სადგურ Trocadero-დან ამოხვალთ, რამოდემინე ნაბიჯს გადადგამთ და მარცხნივ გაიხედავთ ზუსტად რომ ეიფელის კოშკს დაინახავთ. ძალიან ლამაზი ადგილია და დილას განსაკუთრებით, როდესაც სილუეტები ჩანს იქვე მდგარი ქანდაკებების და რა თქმა უნდა ეიფელისაც.
მიუხედავად იმისა, რომ დილას ადრე მივედით, მაინც ძალიან ბევრი ადამიანი დაგვხვდა და დაახლოებით 2 საათი ვიდექით რიგში. პარიზში ჩახვიდე და ეიფელზე არ ახვიდე- ეს მე ვთვლი, რომ დანაშაულია!!! :) ამიტომაც, ვინც ამ ნაწერს კითხულობს და ჯერ არ ყოფილა პარიზში და მომავალში გეგმავს წასვლას, გაითვალისწინეთ, რომ თუ ცხელი ტურისტული სეზონის დროს ჩამოხვალთ, მინიმუმ 3 საათი ეიფელისთვის უნდა გადადოთ.
უსასრულო რიგი დასრულდა, გავედით ბოლოში და სამივე სართულზე ავედით. მესამე სართულზე ძალიან ხშირად არის saturation ამიტომაც, მეორე სართულიდან მესამეზე ასასვლელად კიდევ ცალკე რიგია და იგივე ხდება უკან ჩამოსვლაზეც.
კოშკის მეორე სართულზე არის სუვენირების მაღაზიები, დგას ქანდაკებები, არის ჟიულ ვერნის ცნობილი რესტორანი, სადაც შეგიძლიათ სამმაგ ფასად დააგემოვნოთ უგემრიელესი ფრანგული სამზარეულო და ეიფელიდან შეიგრძნოთ ულამაზესი პარიზი. მესამე სართულიდან რომ გადმოიხედავთ ისეთი შეგრძნება ეუფლება ადამიანს თითქოს ქალაქზე დაფრინავს, ნამდვილად მაგარია!
ეიფელიდან რომ ჩამოვედით იქვე მარსის მოედანზე ბალახზე წამოვწექით. ამიტომ არის უკეთესი პარიზის ნახვა ზაფხულში რადგან დაჯდომა და დაწოლა არის შესაძლებელი ბალახზე და არ ფიქრობ იმაზე, რომ გაიყინები.
გავისეირნეთ ინვალიდების სასახლებმდე ფეხით, გზად კარგად ვჭამეთ. ინვალიდების სასახლესთან არის როდენის მუზეუმი თავისი ულამაზესი ბაღით. Rue de Constantine-ზე მდებარეობს British Council და რა თქმა უნდა იქაურობის უნახავად როგორ წამოვიდოდი. სამწუხაროდ, ზაფხულის არდადეგების გამო დაკეტილი იყო 30 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ამიტომ შიგნით შესვლა ვერ მოვახერხე. ინვალიდების სასახლესთან არის ცნობილი ალექსანდრე მე-3 ის ხიდი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ხიდია პარიზში! ვისეირნეთ დ’ორსეს სანაპიროზე, მივედით მუზეუმამდეც, მაგრამ რადგან ორშაბათია დღეს ამიტომ ყველა მუზეუმი დაკეტილია და ამიტომაც სენ ჟერმენზე გასეირნება გადავწყვიტეთ, სადამდეც ფეხებმა გაგვიძლო.
დღეს ასევე ვნახეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ნანას ძალიან მოეწონა. თუმცა, როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს. Ile de la Cite და შემოგარენიც კიდევ კარგად მოვიარე. საღამოს ვივახშმეთ იქვე, სენ ჟერმენთან ახლოს პატარა ქუჩაზე მდებარე ფრანგულ რესტორანში და მივირთვით იხვი ფორთოხლის სოუსში, რაც, სხვათაშორის, ძალიან მომეწონა. მარსელში როდესაც ეკას შევხვდით გვირჩია რომ აუცილებლად გვეჭამა იხვი და ასე რომ სწორადაც მოვიქეცით.
სანამ იხვს შევჭამდით, იქამდე ვიყავით 75 Rue de Bucherie-ში მდებარე Shakespeare and Company-ში. ვისაც წიგნი უყვარს, გაუგია ან წაუკითხავს ჯეიმს ჯოისის გენიალური ნაწარმოები ”ულისე” და არა მხოლოდ წიგნი, არამედ წიგნის წინასიტყვაობაც წაუკითხავს, აუცილებლად ეცოდინება, რომ სილვია ბიჩმა სწორედ ამ მაღაზიაში გამოსცა ”ულისე” და ალბათ სიმბოლურიცააა ამ მაღაზიაში მისვლა და წიგნის ყიდვა. მე პირველად რომ ვიყავი პარიზში მაშინ ვიყიდე ”ულისე”-ც და ”დუბლინელები”ც.
ამ მაღაზიის მეორე სართულზე არის ბიბლიოთეკა, ზუსტად ისეთივე როგორიც თავიდან იყო და წიგნების კოლექციაშიც სილვია ბიჩის საყვარელი წიგნები დევს. ჩემზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იქ მოთავსებული ბევრი ნივთი, ის ფაქტი, რომ წლების წინ ეს წიგნები მაგ ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდა ჰემინგუეის, ეზრა პაუნდს, თუნდაც ჯოისს და ბევრ ცნობილ მწერალს და საზოგადო მოღვაწეს. გავიცანი სილვია უიტმანი, რომელიც არის Shakespeare and Company-ს მფლობელი და ჯორჯ უიტმენის შვილი. იხილეთ ვიდეო :)
სასტუმროში დავბრუნდით ემოციებით სავსე, ბედნიერები, სასიამოვნოდ დაღლილები...
ეს ხომ პარიზია! :)
No comments:
Post a Comment