Tuesday, 20 July 2021
2021
გავიხდე, გამოვიხედე და ამასობაში კიდევ ერთი წელი გავიდა.
ძალიან მაშინებს უკვე ეს. მაშინებს რომ დღეეები და კვირები ისე გადის ვეღარ ვფიქრობ და ვაანალიზებ რა ხდება. ასე ადრე არ იყო (მე ასე მგონია). მთელი ბავშვობა იმას ვნატრულობდი სკოლის არდადეგები მოვიდესთქო და მერე მოწყენილობისგან ვკვებოდი. ზაფხულის ის 3 თვე 3 წელი მეგონა. ახლა კი 3 წელი 3 დღედ ქცეულა.
ახლა 2021 წლის 19 ივლისია. საღამოა მშვიდი. უბერავს გრილი სიო :)
მე ისევ გავიხსენე რომ მაქვს ბლოგი რომელიც უწინ ჩემი ყოველდღიური აზრების შემნახველი საკანი იყო, ახლა კი მტვერი და ობი დაედო აქაურობას.
მოკლედ მიმოვიხილავ რა ხდება ჩვენს თავს, ჩვენს, ანუ ადამიანების თავს.
პანდემია თითქოსდა მორჩა. აცრები გავიკეთე. პირველი დოზის შემდეგ ლამის სიკვდილს ჩავხედე თვალებში მაგრამ გადავრჩი. რომ მეგონა რომ საბოლოოდ გვეშველა, ახლა იწყება კიდევ ახალ ტალღა სახელად დელტა. ამაზე ფიქრიც კი აღარ მინდა ისე მაშინებს. მაშინებს ის, რომ არ დაიწყოს ისევ ის რაც ძლივს გადავიარეთ. ბევრ ქვეყანაში პანდემია ისევ მიმდინარეობს, მოკლედ დაუსრულებელია ჭირია. ეტყობა ადამიანებმა ეს დავიმსახურეთ. რაც დავთესეთ ახლა იმას ვიმკით. არ ვიცი სხვაგვარად როგორ ავხსნა ეს უბედურება.
პანდემიამ ძალიან ბევრი ჩემი ახლო ადამიანი შეიწირა. ძალიან ბევრი ნაცნობიც გარდაიცვალა. ჩვენი მშობლების თაობა ფაქტიურად ხელიდან გვეცლება და ჩვენ ვდგებით რიგში. 3 დღის წინ ჩემი ყოფილი ლექტორი გარდაიცვალა. რამაზ ჭილაია. 4 დღეა ამ ადამიანზე ვფიქრობ. საშინლად განვიცადე. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ვიყავი როდესაც მის ლექციებს ვესწრებოდი (თან სულ რაღაც 1 სემესტრი), მივხვდი რომ ამ ადამიანმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს მაშინდელ აზროვნებაზე. თუნდაც ის, რომ მე ახლა ამას ვწერ და საერთოდ რამეს ვწერ, ალბათ მისი დამსახურებააა. არასდროს ვიყავი მასთან ახლოს. რამდენჯერ შევსულვარ მისი ფეისბუქის გვერდზე და წამიკითხავს მიდი პოსტები. ვფიქრობდი ნეტავ როგორაა, რას შვებათქო. ხანდახან ვფიქრობდი დავიმატებ მაგრამ საიდან ვემახსოვრები ახლა მეთქო.
ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. მთელი ცხოვრებაა ვეტრფი ასეთ ადამიანებს ვისაც არასტანდარტული აზროვნება აქვთ. ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელები არიან. ბატონი რამაზი იყო ცოცხალი გენია და მაგალითი როგორ უნდა აზროვნებდეს ადამიანი. როგორ უნდა გამოვიდეს ჩარჩოებიდან. მოიხსნას კომპლექსები. იფიქროს რაც შეიძლება ბევრი, წეროს. არ გამოუვა? ისევ წეროს. რაღაც ხომ გამოვა ოდესღაც? აბა რა! მისი ლექციები იყო შეუდარებელი, ის არ გვასწავლიდა იმას რაც წიგნში ეწერა, მაგას ხომ ჩვენც წავიკითხავდით. ის გვასწავლიდა როგორ გვეცხოვრა და გვეფიქრა.
რაც ეს ამბავი მოხდა, დავფიქრდი რომ ძალიან მაკლია ასეთი ადამიანები ცხოვრებაში. ადამიანები ვისაც ვუსმენ, ვუსმენ, და არ მბეზრდება მათი მოსმენა. არ ვამთქნარებ, არ მეძინება, არ ვიყურები ტელეფონში... ნეტავ სად არიან ესეთი ადამიანები?
ვინც ეძებს ის პოულობსო და მეც ამ იმედით ვარ ამ ცხოვრებაში. ადამიანს როცა არაფრის იმედი არ აქვს, იქ სრულდება ყველაფერი.
არასდროს შეწყვიტოთ ბრძოლა, ფიქრი, წერა და არ დაკარგოთ მომავლის იმედი.
"რატომ "მოდის წვიმა" როცა ქართულში გვაქვს სიტყვა "წვიმს?"" რ.ჭ.
07/19/2021
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment