Thursday 3 January 2008

საბჭოს 9

ბავშვობა გამახსენდა ...

ნათესავთან მივდიოდი და გზად იმ ეზოს გავუარე სადაც ჩემი ბავშვობის რაღაც ნაწილი მაქვს გატარებული ...მაშინდელი საბჭოს და ეხლა უკვე ჩიქობავას 9 ნომერი ...

ვიკი ბაბუს როგორ დავყავდი პურზე–ეს პურის მაღაზია მოშორებით იყო,მოედნამდე ჩავყავდი ხოლმე და მახსოვს ახლად გამომცხვარი პურები როგორ ელაგა თაროებზე,იმ პურის სუნიც მასხოვს ...

ქეთო ბებოს შეძახილები : თიკუნა, ამოდი ჩვენთან ჭერამი გაჭამო,მოდი შენ თვითონ აკრიფე ...

გულიკო ბებიას კარები,რომელზეც მარლა იყო ჩამოფარებული,ბუზებისგან თავის დასაცავად ალბათ და რომელიც სულ ფრიალებდა ...

მეზობელი გოგია,რომელიც ღვინის ჭიქით იდგა მუდამ იქვე ახლოს მდებარე ღვინის მაღაზიასთან ...

ნანა,ჩემხელა გოგო,რომელთანაც ვმეგობრობდი და როცა იქ მივდიოდი ყოველთვის თოჯინებით ვთამაშობდით ...

ქოთნის ლობიო,რომელსაც ბებიაჩემი თინა ასე გემრიელად აკეთებდა ...

ეზოში მოშვებული ონკანი,რომელთანაც ყოველთვის ვიღაც იდგა და რაღაცას რეცხავდა ...

ზევითა მეზობელი იგორი ,რომელიც მანქანის რეცხვის პროცესში მახსოვს სულ ...

ნიკუშა და თავისი რიჟა და,რომლებიც ჩემზე დიდები იყვნენ და დიდად ჩემთან თამაშით თავს არ იკლავდნენ,თუმცა სულ მოდიო მეუბნებოდნენ ...

ჩემი თოჯინები,რომლებიც მარტო იქ მყავდა და წამოსვლის წინ ყოველთვის ვიხუტებდი გულში,მალე გნახავთთქო ვეუბნებოდი ...

ეხლა კი ... აღარც ვიკი ბაბუა ცოცხალი,აღარც თინა ბებო,ქეთო ბებია 2 წლის გარდაიცვალა და საშინლად დამწყდა გული,ყოველთვის ბებიაჩემთან ვაიგივებდი და მაგიტომაც... აღარც გულიკო ბებოს ოთახის ფარდა ფრიალებს...იქ ეხლა მისი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ... ნანა საერთოდ 15 წელია აღარ მინახავს... ნიკუშა ტელევიზორში ვნახე,მე რას ვიცნობდი– დედაჩემმა მითხრა აი ეს ნიკუშაა ნელის შვილიო,სახე იგივე აქვს,უბრალოდ გაზრდილია...გოგია ბოლოს ალბათ 4 წლის წინ ვნახე,რამხელა გაზრდილხარ,მე სულ პატარა მახსოვხარო... ჩემი თოჯინები სარდაფშია ჩატანილი ... პურის მაღაზია მარკეტმა ჩაანაცვლა,ხოლო ღვინის მაღაზია საერთოდ მინგრეულია ...

უცებ გავიდა დრო ,ამდენი ხანი... ბავშვობის მოგონებები კი ასეთი ძლიერია ...

No comments: