Saturday 20 August 2011

პარიზი და დღე პირველი

დილის 11-ის წუთები იყო Gare de Lyon-ში რომ ჩამოვედით.

Gare de Lyon არის პარიზის მეტროს ერთ-ერთი სადგური, სადაც არის არა მხოლოდ მეტროს შიდა ხაზები არამედ შედის TGV, idTGV მრავალი სხვა მატარებელი საფრანგეთის სხვა ქალაქებიდან.
ჩვენ ვიმგზავრეთ idTGV-თი და მონპელიედან 3 საათსა და 19 წუთში უკვე პარიზში ვიყავით, ანუ საკმაოდ სწრაფია.
Gare de Lyon დიდი სადგურია და მე ძალიან არ მიყვარს. არის ზუზუნი, ბზუილი, მილიონი ტურისტი, ზოგი ჩემოდნით გადაგივლის თავზე და ზოგი კიდევ ჩემოდნის გარეშეც.

ჩემი აზრით, პარიზის მეტრო ძალიან მოსახერხებელია და სწრაფია. სავსებით შეესაბამება ცხოვრების იმ რიტმს, რაც აქ არის. როდესაც ყველას სადღაც ეჩქარება და გარბის მეტრო მშვენიერი გამოსავალია. რა თქმა უნდა, თუ გეჩქარება შეგიძლია ტაქსშიც ჩაჯდე მაგრამ ეს სიამოვნება 1.80 ევრო ნამდვილად არ ღირს :)

სასტუმროში 40 წუთში მოვედით. ძალიან სასაცილო სანახავი ვიყავი ჩემოდნით და 3 ჩანთით, ერთი სული მქონდა მოვსულიყავი 15 Rue Peletier-ზე მდებარე Hôtel Peletier Haussmann Opéra-ში, დამედო ეს ყველაფერი, გავსულიყავი გარეთ და მეჭამა.
სასტუმრო ძალიან კარგ ადგილას არის და საკმაოდ ნორმალურია.

მას შემდეგ რაც ეს ოცნება ავისრულე და ყველაფერი ოთახში დავალაგე, სასწრაფოდ გამოვიცვალეთ და გავვარდით საჭმელად ჩემს საყვარელ ადგილას და ამ საყვარელ ადგილს ჰქვია Brioche Dorée (http://www.briochedoree.fr/). ვგიჟდები!!! პარიზში სხვანაირად გემრიელი კროასანია, რაღაცნაირი ჰაეროვანი, მსუბუქი... პლიუს ამას უგემრიელესი ყავა და ეს საკმარისია იმისთვის, რომ მიხვდე სადაც ხარ.

Avenue de l'Opéra-დან დაბლა რომ ჩაუყვე, გადაკვეთავ რივოლის ქუჩას და პირდაპირ ლუვრთან აღმოჩნდები. გადავწყვიტე ნანასთვის ლუვრი მეჩვენებინა და ამიტომ ჩავდექით რიგში, რომელიც მიუხედავად თავისი სიგრძისა მალე გავიდა და ჩვენც ამაყად შევედით ამ გენიალურ მუზეუმში. ბევრი დრო რომ არ დაგვეკარგა, ნანას სწრაფად ვანახე ლუვრის ღირსშესანიშნაობები მათ შორის ვენერა მილოსელის ქანდაკება, რომელიც ნამდვილად იდეალური ქალის ფიგურაა; ნიკეს ქანადაკება რომელზეც მე სულ მაჟრიალებს იმდენად გენიალურია; მონა ლიზა- შედევრი, რომლისაც ძალიან მეშინია მაგრამ იმდენად მაგარი ნახატია, რომ ყველა ასე მიშტერებული უყურებს და ცდილობს ამოხსნას თუ რაზე მიგვანიშნებს ესოდენ იდუმალებით მოცული ღიმილი. მონა ლიზას გარშემოც ბევრი დისკუსიააა, ბევრს მოსწონს, ბევრს არა, თუმცა ნახატი აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ შედევრად და ფაქტია, რომ არაჩვეულებრივია. ორიგინალი საერთოდ სხვანაირია, საერთოდ ნახატი ორიგინალში რა თქმა უნდა სხვანაირია მაგრამ მონა ლიზას თავისებული ხიბლი აქვს. ასევე ნაპოლეონის აპარტამენტები, რაც საერთოდ სასწაულია! კიდევ ბევრი რამ, უბრალოდ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, წერაც კი მეზარება ისეთი დაღლილი ვარ...

ლუვრიდან პირდაპირ შორს ჩანს ტრიუმფალური არკა, ვისაც სიარული არ ეზარება ფეხით თავისუფლად მივა (ცოტა დაიღლება:)), გზად არის Arc de Triomphe du Carrousel (პატარა ტრიუმფალური არკა, რომელიც ოდნავ სახეშეცვლილი სახით დგას ასევე მონპელიეში), ტუილერის ბაღები (Jardin des Tuileries), კონკორდი (Place de la Concorde) და შანზელიზე(Avenue des Champs-Élysées).

ზაფხული პარიზში ძალიან სხვანაირია და ლამაზია.
შანზელიზეზე სიარული ნამდვილი ბედნიერებაა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია და რომ გაჩერდე ალბათ გადაგივლიან. ამ ცნობილ ავენუზე მდებარეობს ბევრი ცნობილი ბრენდის მაღაზია და ათასი სხვა რამ, რომელი ერთი ჩამოვთვალო...

ბევრი ბოდიალის, სეირნობის, სირბილის, მაღაზიებში შესვლა-გამოსვლის, ყვირილის, წივილის და გაგიჟების შემდეგ, ჩავედით მეტროში და გავეშურეთ სასტუმროსკენ.

ჩემი პარიზი როგორი ლამაზია!
ხვალ ეიფელისკენ ჰერი-ჰერი.

პარიზი
31 ივლისი, 2011

No comments: