Tuesday 19 January 2010

პირველი თოვლი

დღეს ისეთი ამინდი იყო და არის, რომ რაც არ უნდა ჩაიცვა მაინც გაიყინები, მოგეყინება ხელები და წაგეყინება ფეხები, ცხვირი, ყურებიც და თვალებიც. შეიძლება ბევრს გაეცინოს მოყინული თვალებიო, მაგრამ ზუსტად ეს მოყინული თვალები დაფიქსირებულია ფოტოზე, პარიზში ყოფნისას ეიფელის ქვეშ რიგში დგომისას. კარგად ჩანს, რომ თვალებსაც სცივათ ...

მაგრამ აქაური სიცივე პარიზის სიცივესთან ვერ მივა, იქ სხვანაირად ცივა.

ვზივარ ახლა ჩემი საყვარელი ცხელი ჩაით სავსე ჭიქითურთ და ვუმზერ ეკრანს.

ალბათ ღამე მოყინავს და დილას სრიალ-სრიალით გავალ სახლიდან.
ჰაერში იქნება სუფთა და წმინდა ჰაერი, ირბენენ მხიარულად ბავშვები გუნდებით, სიხარულის სუნი იქნება, ფერად-ფერადი კაშნეები და ქუდები, ამოგანგლული და ტალახიანი შარვლები და აწითლებული ლოყები.

ამას მოყვება თავში ამოტივტივებული მომენტები ბავშვობიდან, შენც რომ გუნდაობდი, შენც ჭამდი თოვლს, შენც აჭმევდი სხვას თოვლს, შენს ესროდი გუნდებს და შენც გესროდნენ, შენც გეკეთა ფერადი კაშნე, შენც გქონდა აწითლებული ლოყები და შენც ამოგანგლული იყავი ტალახში და არ წუწუნებდი, არამედ გიხაროდა. გუნდების გაკეთებისგან გაყინული ხელები უცებ გაგითბებოდა და ეგეც გიხაროდა.

ახლა კიდევ ვიღაც ქუჩაში ტალახს რომ შემოგაწუწებს, წუწუნებ...
აი განსხვავებაც ...

No comments: